Tuesday, September 29, 2009

სახალხო მთქმელები

მიხა ხელაშვილი (1895-1921)
ლექსო, ამოგთქომ ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე/
და შენ კი ჩემდა სახსოვრად/
სააქაოსა რჩებოდე . . .

ნეტაი ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,/
სახლო არ დაიშლებოდე,/
ცოლო არ გათხოვდებოდე
შენ ჩემო სამარის კარო,/
შენამც კი აყვავდებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
ნეტაი გაჰქვეყნდებოდე.



ივანე წიკლაური:
ყველა მყავ დავიწყებული/
ამ ქვეყნად, გარდა ერთისა./
მის გამო გულის დარდები/
ზღვათა მდინარედ ერთვისა./
მე ჩემს ქუდს ვფიცავ თავზედა,/
ქალავ, შენს თავზე მერდინსა,/
არ ჩანდი, ჩემთვის ბნელ იყვა,/
გნახავდი _გამითენდისა,/
კლდის ფხაზე თეთრო ყოიულო,/
სანთელო ქარაფებისა.

ზაჰესის მშენებელ ბესარიონ ჭიჭინაძეს:
“ჭიჭინაძევ, შენ . . . .მოგიკვდა დედაო,/
რად გინდოდა ეს ზაჰესი, ნეტაო?
არშიყობას დაგვიშლიან ქუჩებში,/
ელექტრონი ჩაგვანათებს ტუჩებში.

ვახუშტი კოტეტიშვილი:
_"ჭინჭარაულო, პოსტოი,/ მოდი, დავლიოთ პო სტოი”
ლექსო ჭინჭარაული:
_”ტი ხოჩეშ მენია პოდვესტი, პო სტოს მოყვება პო დვესტი!”


ნუ იამაყებ, გინდ იყო/
ცხრათავა ბაყბაყ დევია,/
ნუ იტყვი: “ის რას დამაკლებს, მე ვარო მძლეთამძლევია,/
გახსოვდეს, კოვზსა პაწიას დიდი ზღვა დაულევია,/
ალვის ხე, ცამდე ასული, ჭინჭველას წაუქცევია


2002წლის საახალწლო:
ახალი წელი მოვიდა,/
წელი ბატკნის თუ თხისაო,/
მთავრობა კი ძველებურად ჩვენთვის სამარეს თხრისაო,/
სინდისი იმას არა აქვს,/
თავი აბია ხისაო,/
შეშად თუ გამოგვადგება,
არაფრის მაქნისიაო!



სადა ხარ, მიქელავ? წამიყვა, გბარდები./
მძიმეა, მტანჯავენ/ მზისფერი დარდები!



ენითა მუნჯი სჯობია/
ცრუმეტყველ მოუბარსაო,/
ათასი მტერი სჯობია/
ერთ სულელ მეგობარსაო.

დიდუბის მეტროში პასტების გამყიდველი:
ვინც დამიჯერებს, კარგს იზამს,/ ვინც არა და, რას იზამ!

ხ ა ლ ხ უ რ ი



აზამბურელი თათარი გოჭის თავს მეცილებოდაო
არ აშენდა ქურდის სახლი და არ მონადირისაო,
სამი დღით ადრე დაიქცა მეთევზე-მებადურისაო.




ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
ბევრი ყოყმანი კაცს წაახდენს
ბრმა ქორწილში გაუშვეს, კოჭლი _სანადიროდ

ბოროტი ისაა, ვინც მხოლოდ თავისთვისაა კეთილი

გამარჯობა არაყო, მშვიდობით ჭკუაო

გლახა მაყარი ჭირსაც დააკლდა და ლხინსაცო




ვაჟკაცს არ გამაადგების/
სოფელთ შვენება ტანისა,
მიდგომ-მოდგომა ბანზედა,
გამჩვენეობა ქალისა

_ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდა, ცოცხალი გონიერია,
წავა და ყველგან დარჩება, სოფელი ღონიერია
ვინც ყურებამდე ნეხვშია, ის პირს არც აღებს.

ვისაც ხმალი არა აქვს, ქალი არ გაეტანების!

ვირს კურტანს არ ხსნიდნენ, აქაო და უხდებაო.

თავად იციან ცოცხალთა, თავს საით უქმენ მკვდარსაო.

ისეთი ხიდი გასდე, შვილიშვილს გამოადგეს.

კამეჩთან მოჭიდავე ხარს რქები არ შერჩაო
კარგ მშოვნელს კარგი შემნახავი ჯობიაო
კაცის თვალს შავი მიწა თუ გააძღობს.

კაი ყმა ხმალსა გახედავს,/ ნეტარ გამიჭრის თუ არა?
ცუდაი ქალის უბესა - ნეტარ შამიხვევს თუ არა?

კოვზით მოგროვებული ნიჩბით გადაყარეს

ლამაზი ქალის მწყემსი მისი სინდისია
ლომის ნადგომზე ძვლები რჩება, კაცისაზე _სახელი


მართლის მთქმელ მტრედს ნისკარტი მოაჭრესო

მარილის მთხოვნელს მარილს თუ არ გაატან, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარი.

მარილზე გასვლა _ დაღუპვა, გარდაცვალება. სვანები მარილისთვის ხონში მიდიოდნენ ცხენისწყლის ხეობით, სახიფათო ბილიკებით. ვინმე რომ გადაიჩეხებოდა, იტყოდნენ: “აჩად ჯიმთე ხონთე!”

მგლის ყური გამოიბა (თავი მოიყრუა, ძაღლის შესატყუებლად ტყეში ბოკვერების დსაგეშავად).


მოთმინება სამოთხის გასაღებია

ნივთი ახალია კარგი, მეგობარი _ძველი.

ორი ქაჩალი სავარცხლისთვის ჩხუბობდნენო.

როცა მეფეს სძინავს, ქვეყანა შვებით ვერ დაიძინებს.

სიმართლე ბინდს ანათებს, ტყუილი კი მზესაც აქრობს
სხვის ჯიბეში ჩურჩხელა ტკბილად ვერ დაგვაბერებს.

ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ცოლის მოყვანით.

უსწავლელი კაცი უტარო ცელიაო.

ყვავების შიშით ბრიყვი ჭიშკარს კეტავდაო.

ყმის ცრემლი ოდესმე მეფეს მოეკითხებაო.

შიშის დროს კაცს ღმერთი ახსენდება.

“შენი ჭირიმეთი” შვილი არ გაიზრდება.

ცხენზე შემჯდარი უნაგირს ეძებდაო.


ჭიშკარი მაგრად მიხურეს, ძერამ წიწილა არ წაიღოსო.


საქართველოში განთქმული ყოფილა: გოცირიძის ხმალი, წერეთლის მწვადი, ყაფლანიანთ კაბა,ციციანთ სუფრა,ოთოთაანთ ქორი, გაბაშვილის საათი, სააკაძის ცხენი, თარხანიანთ წყალობა, ჯავახიანთ გალობა, ციციანთ ქონება.