Saturday, June 13, 2009
ეპიტაფიები
ყოფნა? _ადამიანური!
არყოფნა? _სახელოვანი!
პასუხი იმათ უკეთ იციან, ვისაც ეპიტაფიები უდგათ, მაგრამ რაღა
დროსია?!
ძველ საბერძნეთში ეპიტაფიებს უდგამდნენ ომში დაღუპულ მებრძოლებს, ან იმათ, რომელთა Gგანსასვენებლის ადგილი არ იცოდნენ.
“აქ მარხია საბრალო ძაღლისშვილის ძაღლის თავი”
მეომართა ქანდაკებაზე ცხენს ცალი ფეხი აწეული თუ აქვს, მხედარი ბრძოლაში დაჭრილა, თუ ორთავე, ბრძოლაში დაღუპულა.
შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი
მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;
მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;
მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;
მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;
მე ვარ ერთგული მეგობარი, ღქვენ კი არ გიყვარვართ;
მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;
მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამი
და თუ თქვენ არ ხართ ბრდნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.
კოლხეთის მეფე აიეტის ეპიტაფია: “აიეტი, ოქრომრავალ კოლხთა მეუფე, აქ გააპატიოსნა ღმერთთა ყოვლისდამთრგუნველმა ბედისწერამ”
1798 წლის 11 იანვარს აღესრულა საქართველოს უკანასკნელი დიდი მეფე ერეკლე მეორე, “მეფე აღმოსავლეთისა, ბადალი მაკედონელისა”. განბანისას მეფეს ტანზე 90-მდე ნაჭრილობევი დაუთვალეს, კვნესა და წუწუნი კი ვრც ერთი ვერ გაიხსენეს.
“ვეღარ გაიგეთ ქართველნო,/ შაგვეხსნე რკინის კარიო,
აღარ გვყავს მეფე ერეკლე,/ ბაგრატოვანთა გვარიო!”
თერმოპილეს ხეობაში, სადაც სპარტელთა მეფე ლეონიდემ 600 მეომართან ერთად შეაჩერა სპარსეთის მეფე ქსერქსე 600 ათასიანი ჯარით, აღმართული იყო სვეტი ეპიტაფიით: _
“მგზავრო, სპარტაში რომ ჩახვიდე, აუქყე ყველას, რომ ჩვენ აქ ვწევართ და გვიხილე ვალმოხდილები”
ლუკრეციუსი: როცა ჩვენ ვარსებობთ, სიკვდილი არაა, როცა ის დგება, ჩვენ აღარა ვართ.
ჰაინე; ჯანმრთელმა კაცმა არ იცის, რა სიმდიდრეს ფლობს.
ისააკ ნიუტონის საფლავის ქვაზე აწერია: “აქ განისვენებს აზნაური, რომელმაც თითქმის ღვთაებრივი გონებით პირველმა მოჰფინა მათემატიკის ჩირაღდნის შუქი პლანეტების მოძრაობის, კომეტების გზებისა და ოკეანეთა მოქცევის საიდუმლოებას. იგი ჩასწვდა სინათლის სხივების ნაირგვარობას და აქედან გამომდინარე ფერთა სხვადასხვა თვისებას, რაც მანამდე არავისათვის ყოფილა ცნობილი. ბუნების მოვლენათა, სიძველეთა და საღვთო წერილის გულმოდგინე, ბრძენი და უცდომელი განმმარტებელი თავისი ფილოსოფიით ყოვლისშემძლე ღმერთის სიდიადეს ამკვიდრებდა, ხოლო ზნეობით სახარებისეულ უბრალოებას ავლენდა.
გიხაროდეთ მოკვდავნო, რამეთუ კაცთა მოდგმას ამშვენებდა 1642 წლიდან 1727 წლამდე”
მიგელ უნამუნო: ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი სიკვდილი უსამართლობად ჩაითვალოს.
ნიცშე: რაც ვერ მძლევს, მხდის უფრო ძლიერს!
ჰემინგუეი: ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო.
გუსტავ ფლობერი: იყავ სულელი, ეგოისტი და უზადოდ ჯანმრთელი! აი, სამი აუცილებელი პირობა ბედნიერებისათვის
როდესაც სასოწარკვეთილება გიპყრობს, იმედი არ უნდა დაკარგო და როდესაც რაიმეს იმედი გაქვს, წარმატებაში ეჭვი უნდა შეიტანო!
ჯონათან სვიფტი: ადამიანთა უმრავლესობას დიდხანს სიცოცხლე სურს, სიბერე კი არა.
ფრენსის ბეკონი: ადამიანთა უმეტესობა თაყვანს სცემს
არა ჩამავალ, არამედ ამომავალ მზეს
ესპანური ეპიტაფია: “აქ განისვენებს კალდერონ რუტი/ ეს დაგვიტოვა სუყველას დარდად;/ კარგს აკეთებდა ძალიან ცუდად,/ ცუდს აკეთებდა ძალიან კარგად
ამერიკელი მწერალი კურტ ვონეგუტი: ღმერთო, მომეცი თავდაჭერილობა, რომ გადავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შეიძლება, ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შეიძლება და გონება, რომ შევძლი ერთი გავარჩიო მეორისაგან
გრიგოლ ხანძთელმა (გარდაიცვალა 861 წელს 102 წლისა) მიმართა აშოტ დიდს (აშოტ I კურაპალატს): _ვინც ქვეყანას ჭირისუფლობა, თავის თავს აღარ ეკუთვნის” (გრიგოლ ხანძთელმა უდიდესი მეფის საყვარელი ქალი მონაზვნად აღკვეცა და მეფეს აუკრძალა მასთან შეხვედრა.
მეფე დამორჩილდა, მაგრამ წართმეული სიყვარულით გულმოკლულმა წარმოსთქვა: “ნეტარ მას კაცსა, ვინც არღა ცოცხალ არს!”
შოთა: ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა
ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა
უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი, ბულბული, მსგავსად ყვავისა.
ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოკლავ, დააყოვნე,
გქონდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე.
ვახტანგ VI: _ ფრთხილად მავალი სოფელსა გვიანად წაიქცევისა
დავით გურამიშვილი _“მოთქმა”
ვაი, რა კარგი, საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ გაგარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა, შენსა, უფალო იესო!
. . .გაიკითხავდეთ გლახაკთა, ასმევ-აჭმევდეთ მშიერსო;
რასაც კეთილს იქთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ვაჟა: _გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,/ კლდეო, კლდედ იდექ სალადა./ _ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,/ ნუ დავბერდებით შავადა.
. . . ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადია ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე ისევა,/ ოღონდ ამშორდეს მგელობა.
მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება,/ ბანს მისცემს მთა და ბარია/ ცოლის ქვითინი არა მწამს,/ უბრალო ნიავ-ღვარია,
მალევე გამოიდარებს,/ რაკი დაჰბერავს ქარია!
წარსულზე ფიქრი მაწუხებს,/ აწმყოში არა ყრია რა/ და მომავალის ფიქრებიც/ არავინ გამიზიარა!
გალაკტიონი: სინამდვილეს არ ვემდური,/ არ ყოფილა თითქმის,/ არყოფნაზე საყვედური არასოდეს ითქმის.
_ ასე ხდება ქვეყანაზე/_ ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი/ სოცოცხლეშივ ავიწყდება.
_შენ არ გივლია არასდროს კენტად/ და თუ გოლგოთა საწოლზე დაგცემს,/ იმ ყაჩაღივით ვიქნები შენთან,/ იესოს გვერდით ჯვარზე რომ აცვეს.
. . .ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა_/ დაუნდობელი სურვილი ლომის!/ და ყოველივე როგორ ნაზდება,/ როცა ახლოა დრო შემოდგომის.
. . . ჩემი ტვინი დაიღალა გამოცანებით,/ ჩემი სხეული დაიღალა სიცოცხლით
პაოლო იაშვილი: უფალო! მომეცი სამხარი,/ ძაღლივით ამოსულს ცაზე/ და შენი პერანგი ნახმარი/ ჩამაცვი ცოდვიან ტანზე.
ნიკო სამადაშვილი: ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,/ სჯობდა ვენახის კვალი გებარა,/ ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,/ ნეტავი ქარში გადაგეყარა./ ქარები უფრო წაიკითხავდნენ,/ ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით./ ჩემი ცრემლებით ღამეს ვხატავდი და ბეთანიას მაისის დილით/. ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,/ ხან მელეოდა მუხლებში ძალა,/ ზარივით დასკდა ამდენი რეკვით,/ ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა!
გიორგი ლეონიძე: "ტაო_კლარჯეთი”
სადაც გმინავენ დიდი ლოდები,/ სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა/ შემოგვჩახიან _თქვენ გელოდებით!
იოსებ გრიშაშვილი: სადა ხართ ლამაზმანებო,/ მოდით, დამათვრეთ ბუნებით,/ ამივსეთ ტუჩის ყულაბა/ მაგ კოცნის უზალთუნებით,/ თორემ ვბერდებით და გულმაც/ ლოდინის შხამი დალია,/ ჰაუ, რა კარგი დღე არის!/ ჰაუ, რამდენი ქალია!
შოთა ნიშნიანიძე: როცა მე გარდავიცვალე/ იდგა აღდგომის სწორი,/ ზღაპარში ხარი ატირდა,/ სახლში _შვილი და ცოლი./ შემიდგნენ არაგველები/ თავის მგალობლის ცხედარს,/ ფარებზე გადამაწვინეს და წამიყვანეს მცხეთას./ _საით, ბიჭებო,_ გავძახე . . . მითხრეს უფლისა ნებით,/ იქ დიდი საქართველოა,/ იქ აღარავინ ვკვდებით./ როცა მე გარდავიცვალე,/ იქ დავიბადე მყისვე,/ ჩემი გვარის და სახელის/ ვიღაც ატირდა ისევ./
იტირე ჩემო პატარავ,/ გამახარე და მტანჯე,
ტირილით უთხარ მადლობა? ჩვენს მარადიულ გამჩენს.
ფუტკარს: თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს,/ კაცს თაფლი მისცე,
ღმერთს კი სანთელი!
სიბერე. როცა დაცხრება შენი ვნებები,/ როცა გერქმევა
ერთ დროს ბებერი,/ სიბერეს მაინც ნუ დანებდები, ციხე იყავი აუღებელი.
ტარიელ ჭანტურია: რეპლიკა მარნეულში
ხანდახან რისხვა ისე ამიტაცებს,/ სითბოს და სილბოს ჩემსას ლამის წაშლის,/ თუმცა ქართველი ცოტაა ამ მიწაზე,/ სამაგიეროდ ბევრია ამ მიწაში!
მორის ფოცხიშვილი; სურვილს და საწადელს ვისრულებ,/ წამლად ვსვამ სიცოცხლის ბანგს./ ქვეყანას დაღუპავს სიცრუე,/ რომელიც სიმართლეს ჰგავს!
ფიქრებთან ბევრჯერ დავრჩენილვარ მარტო,/ გული გალობს, მაგრამ დარდობს გონება./ მყინვარწვერის და ზედაზნის პატრონს,/ არ სჭირდება მთების გამოგონება.
დაუნდობლობავ დროისა,/ სულმოკლეობავ კაცთა,
არცერთი არ ამცდენია/ ტყვია, რომელიც ამცდა.
სანამდე არ აფრინდება,/ არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლე/ იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,/ ყველა სიკეთეს მგვრის,_
ავფრინდები და . . .ვაიმე . . .
ავფრინდები და ფრი . . .
ტყვია იწივლებს შურისა,/ მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,/ სანამდფე არ აფრინდება,/ არავინ ერჩის მწყერს./
შავი საფანტი ირევა. . . / თეთრი სეტერი ქრის, . ./ მე მაინც უნდა ავფრინდე,_/ ავფრინდები და . .ფრი
რევაზ თაბუკაშვილი. შვილიშვილებს
მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფირონს
და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას უნაპიროს.
ქარს იმქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას,
დიდებულია, გადვიქცევი უცებ წინაპრად.
და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას.
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები,
მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით.
მეც დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.
მეც არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,
სამშობლი თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ!
მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,
თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ.
დამარცხებულიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,
ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ;
ტკბილი გექნებათ სიყმაწვილეც, მერე სიბერეც,
სხვათა მიღწავით სიხარული თუ გაიბევრეთ.
ამირან კალაძე: ჰოი, გულო, რა დროს ამიკვნესდი
აჭრიალდა ბედის კარუსელი
მე რამდენი ნატვრა აგისრულე,/ შენ ერთ ტკივილსაც ვერ გაუძელი
მინდია არაბული: ყველას თავისი დარდი აქვს,/ ყველა თავისთვის წვალობს,/ ზოგი ცხოვრებამ გალეწა,/ ზოგმა _ცხოვრების კალო.
ტარიელ ხარხელაური: ჯავრო, რა ძაან მაჯავრებ,/ ჯავრო მამულის ჩემისა,/ ხან გამააშვებ საჯარედ,/ ხან ფრთას დამკრავ და შემნისლავ./ კრძალვით მიმკეცავ საძვალეს,/ შემძრას ხმამ ძვალთა ფშვენისამ;/ გაძაღლდა და არ მიწყდება/ ნერვი ბოროტის თმენისა.
წყალი_საკალმახე, მთა _საბალახე
მამული _სავენახე, კარგად შემინახე.
ენვერ ნიჟარაძე: (ჩვენი მეზობელი მიცკევიჩის ქუჩიდან)
. . . ისიც მითხარი, თუ უზრუნველი/ და ბედნიერი ცხოვრების ნაცვლად,/ რად დამებედა ამდენი ფიქრი,/ ამდენი სევდა, ამდენი განცდა./ ან ჩემი სული ჟამიდანჟამ ისევ/
სიყვარულისთვის თუ არ ინთება,/ მაშინ რაშია აზრი სიცოცხლის/ და ქვეყნად ყოფნის ჭეშმარიტება!
მარიკა მარათაშვილი (100 წელს მიტანებული!) “სარკეში”
უხილავი ხელი ვერვინ შეაჩერა. . ./ მოდის, გარგებს ნიღაბს, თითქოს შეუმჩნევლად./ არც კი გეკითხება, გშვენის, თუ არ გშვენის,/ და სარკეში ჩნდება ორეული შენი/ . . .ამ კედლების მიღმა არის ვიღაც, ვიღაც,/
ვინც აკეთებს ნიღაბს, ვინც არიგებს ნიღაბს
და ასრულებს ეგებ ზენაარის კანონს,
რომ სოფლიდან წასვლა აღარ დაგენანოს.
მერაბ მამარდაშვილი: ჩვენი ცხოვრება არის ადამიანად ქცევის პროცესი.
მიხო მორჩილაძე: _სამშობლო იშვიათად აძლევს ადამიანს თავის გამოჩენის საშუალებას. სად და როგორ გამოიყენებ ამ ნდობას, ამაშია კაცობის არსი!
გოდერძი ჩოხელი: _ჰეი, გამოდით ქართველებო!/ საქართველოს უჭირს ძალიან,/ გამოგვეშველეთ/ დიდ ბრძოლებში ნასახელებნო./ გამოგვეშველეთ, არაგველებო!
*ჩვენი წინაპრები, ბრძოლაში მამაცნი და ბჭობაში _ბრძენნი
მოფრინდა სულის პეპელა, ჰაერში გაიფრთხიალა,
მითხრა, უფალი გიბარებს,/ სამოთხის კარი ღია მაქვს.
ამ დღემაც ასე ჩაიარე, უხმოდ, უბრალოდ
სულში დატოვა ღრმა იარა,/ გაქრა უკვალოდ.
ვერ შეველიე საწუთროზე დღითიდღე ჩივილს,
წლები მიდიან, ემატება ტკივილი ტკივილს.
გულში ჩამიქრა სიხარული,/ გაქრა მზის სხივიც
სულის სიღრმეში ბინდისფერი ყორანი ყივის,
უფალო, მიხსენ,/ კვლავ ამინთე გულში სანთელი
და სულს მომფინე შორეული სივრცის ნათელი.
ქართველების გადაფრენა: . . .რადგან ჟამმა/ ქართველები დაგვამსგავსა/ მომთაბარე ლამაზ ფრინველებს,/ თბილ ქვეყნებისკენ გადაფრენილებს/ სამშობლოს ჭირით./ ჩვენც წასვლა-მოსვლის საგალობელს/ ვმღერით და ვტირით,/ რადგან შორს დავრჩით,/ ვერ დავბრუნდი, ვერ გავძეხით სამშობლოში/ ბავშვური ძილით და/ ბევრს საფლავიც აღარ გვერგო/ ჩვენ-ჩვენი წილი.
_გულს სიხარული წამართვა/ სიცოცხლის დღეთა კლებამა,/ გათენებ-დაღამებაში? ქვეყნად უაზროდ გდებამა./ სიკეთის მადლი მელევა,/ რაც დამიტოვა დედამა./ გული დამიდნო ქართველთა ნაღველში გამოხედვამა./ შემზარა ყოველდღიურმა ჩვენზე სატანის ქედნამა,/ მაინც კი იმედს დავეძებ,/ სამშობლოს გამარჯვებამა!.
ტერენტი გრანელი: შენ, დედამიწავ, უფრო მაშინებ,/ როცა ოცნებით ზეცას მოვიარ,/ წმინდაო ღმერთო! რად გამაჩინე, მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია!?
ისევ მიწაზე ვარ მიჯაჭვული/ (სადღაც შიშია, ვიღაც ფითრდება)./ მოვა ოდესმე ვინმე ტანჯული/ და ჩემ საფლავთან ის დაფიქრდება.
. . .მიმაქვს პანაშვიდი,/ ვარ ღია ბაღისებრ.
ღმერთო! დამამშვიდე და ძილი მაღირსე!
. . .სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია.
ვერ გადავურჩი სულის წვალებას.
მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას!
ცრემლი არ მომდის, მაინც მე ვტირი
და შორეული სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე
მიხეილ ქვლივიძე: _ნატვრისთვალივით გაცხადდება შვილში მშობელი
ბონდო ტეფნაძე: _რას გარბიხარ?/ მეჩქარება!. . ./ არ შეიცდი?/ _არა!/ _მაინც საით?/ _ სადაც ჩემი/ წინაპრები წვანან!/ _ნუთუ დათმობ ამ მზის ნათელს,/ მთვარეს, ღამის მთოვარს?/ _ლეშს, სატანის თარგზე ნაკერს/ გავიხდი და მოვალ!
ლევან ლორია: რა მინდა, ნეტავ ვიცოდე,/ ანდა ვინა ვარ, ნეტავ,/ იქნებ ჰამლეტის სული ვარ, ან დონ-კიხოტის სევდა. .
. . .იქნებ ხმელი ვარ წიფელი,/ ან წვიმისა ვარ წვეთი,
ერეკლეს ხმალი ნაფერი/ ანდა გელათის სვეტი,
იქნება გაზაფხული ვარ,/ ზამთრის მიწურულს რომ ჩანს,
ან იქნებ სულაც არა ვარ,/ სულაცარ ვარ და მორჩა!
ნიკოლოზ იოსებიძე: ცა ეთხოვება ცრემლებით ზაფხულს
მალე მზის სხივი მოგვენატრება./ მიემატება ეს წელიც წასულს,/ მალე მზის სხივი მოგვენატრება
2008 წლის აგვისტოში გარდაიცვალა ვახუშტი კოტეტიშვილი: ჩვენ არყოფნიდან მოვედით/ და ვნახეთ ყოფნა რაც არი,/ აზრი ამ ქვეყნად ყოფნისა,/ თითქოს არი და არც არი,/ წინ _წყალი, უკან _მეწყერი,/ ცეცხლი და ბოლოს ნაცარი./ ბედნიერებას ვეძებდით, მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი./ სიკვდილი დედა ყოფილა, სიცოცხლე _დედინაცვალი. (ეხლა დედასთანაა, დედა¬-საქართველოსთან)
გურამ კლდიაშვილი: როცა მშვიდობა დადგება/ და არ გვაშინებს მერმისი,/ ომი მაინც არ თავდება/ შინმოუსვლელის დედისთვის/ . . . და სიკვდილამდე გვაწამებს/ ადრე წასულის ლანდი,/ მაღალო ღმერთო, გვასწავლე/ ცოცხალი კაცის ყადრი!
ნოდარ ჯალაღონია: ეს დღეც გათავდა, ეს მზეც ჩავიდა/ და ვარსკვლავები ხელებს მიწვდიან,/ უნდა დავიწყო ისევ თავიდან/ ძილი _სიკვდილის რეპეტიცია.
...რა ქართველი ხარ, ვინა ხარ, უფლის გზას ვინ გაგინათებს,/ თუ ერთხელ მაინც თევდორე ბერის სახელს არ ინატრებ. . ./თუ აღარ მოგენატრება ნახვა ალგეთის, მარაბდის,/ არ მოგინდება წაკითხვა “ვეფხის და მოყმის ბალადის”
რა ქართველი ხარ, ვინა ხარ, ამ ქვეყნად რისთვის იარე,
თუ სვეტიცხოვლის დანახვა ტანში არ გაგაჟრიალებს.
თუ აღარ გაგადიდგულებს ალავერდი და ვარძია,
თუ ვერ მიხვდები მთაწმინდა რა სიმდიდრე და განძია,
თუ წამლად არ დაედები შენი სამშობლოს იარებს,
თუ შოთას “ვეფხისტყაოსანს” დროშად არ ააფრიალებ.
მუხრან მაჭავარიანი: _ თენდება ნელა,/ ღამდება ნელა
და პასუხს ელის გარშემო ყველა
და ვიღასვკითხი,/ რა უნდა ვკითხო
რა უნდა მითხრას,/ კიდეც რომ ვკითხო,-
იმ კითხვის პასუხს/ თვით როცა ითხოვს.
ბექა პაპუაშვილი: ვარდად მოვალ, წვიმად მოვალ;
ალბათ ღვინოდ დამლევთ./ ჩემს სიყვარულს თქვენს გულებში ვერაფერი დალევს./ მზის სხივები, თოვლის ფიფქი
მოგიტანთ ჩემს ამბებს/ და ნიავი მთვარის შუქზე/ როს შეარხევს ფარდებს,/ მე ვიქნები თქვენთან ერთად,/ სამუდამოდ გწამდეთ
კინო-რაჟისორი გიორგი კაჭარავა: ვინც გათენებას არ ელის, მისთვის არც თენდება!
მსახიობი ნიკო გომელაური: _ აღარა ხარ. ვიღას ვკითხო
რა სიტყვაა, რას ნიშნავს./ მე დამაკლდა მკაცრი სითბო,/ ისე, არა მიშავს.
რეზო სვანიძე: გული ისევ თუ გულობს, ისევ გიჭრით გონება,/ რწმენა თუ არ დაკარგეთ, ფერს ვერ გიცვლით დროება./ სულ არ გაგეკარებათ ყორნისფერი ფიქრები, თუკი ამ საუფლოში სიყვარულით ინთებით./ დარდით ვერას გახდებით, არც კვნესაა წამალი,/ ალქაჯიც ვერას გავნებთ, თუკი გწამთ მომავალი./ დიდი განძის პატრონი სულმოკლეა მრავალი./ მტკიცე რწმენა ოქროა, რწმენა არის მთავარი!
გიზო ნიშნიანიძე: _აი, სიცოცხლით რაც უნდა მეთქვა!
ალბათ სიკვდილი გეტყვის დანარჩენს? ...ღმერთსა ვთხოვ,
კიდევ მამყოფოს ერთხანს,/ უზენაესის ველი განაჩენს.
_თუ ეგ ჯილდოა, მოიხარე ესე რისათვის?
მიწამდე ვუხრი თავს ამ მიწას სიკეთისათვის!
ღმერთმა არ მომცა სიბერის ნიჭი
და ვრჩები ასე ბებერი ბიჭი.
პარიზის მახლობლად ქართველთა სოფელ ლევილის სასაფლაოზე კოკი დადიანის ეპიტაფია: “მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა,/ როცა უამბობ ამბებს მწარესა,/ თქვი, რომ იხილე წარწერა ლოდზე: “ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!”
აჰმედ მელაშვილი_ოზქანი, თურქეთის ქართველობის ილია ჭავჭავაძე”, რომელმაც “სადაც აკრძალეს საქართველო, იქ იქართველა” მისი საფლავის ქვაზე თურქულ და ქართულ ენებზე აწერია: მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისათვის
ვახუშტი კოტატიშვილი: წუთისოფელმა გამხადა/ შაირ-სიტყვათა მესტვირე,/ ყოფა ვერავის ვუტირე,/ ბევრს თვითონ ყოფად ვეტირე./ სამარის ქვაზე თარიღებს/ ტირე რომ უზის, ის ტირე/ ჩვენი ცხოვრება ყოფილა,/ ამას რომ მივხვდი, შევსტირე./ თურმე ვინა ვარ? _მარტოდენ/ ამ მოკლე ტირეს მესტვირე.
ჩვენ არყოფნიდან მოვედით? და ვნახეთ, ყოფნა რაც არი./ წინ_ წყალი, უკან _მეწყერი,/ ცეცხლი და ბოლოს ნაცარი./ ბედნიერებას ვეძებდით,/ მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი./ სიკვდილი დედა ყოფილა,/ სიცოცხლე _დედინაცვალი.
ჯემალ ჩახავა: . . .თუმც ახალ ფურცლებს ვერ გადავშლი,
მაინც მწამს ჩემი ბედისწერა. . .
ღმერთო, რუსთველის ქვეყანაში
უნდა მაპატიო ლექსის წერა.
შეასრო ცრემლი, უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე დააყენო სისხლის ტბა.
უცნობი და ხ ა ლ ხ უ რ ი
_გამოდით, ვინც დარჩით,გამოდით,/ სიცოცხლე დავიწყოთ თავიდან,/ თორემ ვერვინ ვერ გაიგებს,/ ისე გაგვიტანენ სახლიდან
საუკუნო წყვდიადში/ წამით გამოიდარა
ამ ქვეყანას მოვსულვართ არარაობიდანა.
დავბრუნდებით ისევე არარაობაშივე,
წუთისოფლის სტუმრებო, ჩვენ რაღა შეგვაშინებს!
ამ ყოფით მეხსიერების მთავარი ძაფი გამიწყდა,
ჭაბუკობაში ქალებში (კარგიც მახსოვს და ავიცა),
რომ დავდიოდით, ის მახსოვს, თუ რისთვის? _გადამავიწყდა!
?? საქმეს სამამულოს დღეს უნდა გატანა,
ვიდრე ჩვენს მამულს წაგვართმევს სატანა!
?? თავს არ მოიკლავს ქართველი, არა!
თუ გინდა მარტო სიპ ქვაზე მჯდარა,
ძალას მოვუხმოთ, წუწუნი კმარა!
?? სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,/ მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი!
წარსული შეიძლება იცოდე, მაგრამ ვერ შეცვლი; მომავალი არ იცი, მაგრამ შეიძლება შექმნა.
სიცოცხლე სასიკვდილო დაავადებაა
თქვი _ბოლოს, ისროლე პირველმა.
სიბერე როსტომსაც მოერევაო
ადამიანი დაბადების პირველივე წუთიდან ბოლო ამისუნთქვმდე მუდმივ თანამგზავრებთან ერთადაა. ესენია: რწმენა, ეჭვი, სიმართლე, სიცრუე და იმედი
ყმის ცრემლი ოდესმე მეფეს მოეკითხებაო!
გულზე ნაოჭები არ ჩნდება. მხოლოდ ნაჭრილობევებია.
გულგატეხილი ადრე კვდება!
იმედის კოშკი ავაგე, ჯავრი შავაბი კარადა,
საიქიოდან მოვიდნენ, იმ კოშკის სანახავადა,
ბევრი უარეს გარშემო, კარ ვერ შააღეს ძალადა,
მერე თქვეს _”დროი მუალის, კარ გაიღების თავადა”
წუთია წუთისოფელი,/ დახამხამება თვალისა,
ამ ქვეყნად წესი არ არის/ მეორედ მოსვლა მკვდარისა,
მიტომაც გვმართებს სუყველას/ მოხდა ამ ქვეყნის ვალისა!
არ გასტყდეთ, არხოტიონნო!/ სიკვდილით რა იქნებისა?!
ვინაც მოკვდების, დავმარხვით,/ სხვაც ბევრი დაიზრდებისა!
როცა გაჩნდი, გვიხაროდა, ლხინი იყო დიდებული,
არის გლოვით გაცილება შენზე დამოკიდებული
ჟინვალის სასაფლაოზე ასინეთა შავერზაშვილის ეპიტაფია: “ჩემმა მშობლებმა თვრამეტი შვილი გაგვზარდეს, მე _ცხრამეტი. შენ?”
სოფ. ალავერდიდან: “ხვედრმან მარგუნა _მფარა მიწამა,
ბედმან გამწირა_აღარ მიწამა,/ ძე მესვა ერთი _ხანჯლით იწამა,/ ტანჯული დედა მფაროს მიწამა.”
წალენჯიხიდან _”ხომ მოვხუცდი, მერე რა,/ რომ ვიცხოვრე სამყოფი!?/ აწი კიდევ მივდივარ,/ სადაც არ ვარ ნამყოფი”
ქალწულის საფლავზე: “განველ უმანკოდ”
შინმოუსვლელის: “ნუ მელოდებით, ვერ მოვალ შინა”
“კიდევ მეწასა სიცოცხლე”
ახალგაზრდის საფლავზე: “მზით გაუმაძღარი”
სახალხო მთქმელი იოსებ ბაიაშვილი, ექსპრომტად ცნობილი მთასვლელის მიხეილ ხერგიანის ხსოვნის საღამოზე: ყველას რადა ჰკლავ, სიკვდილო,/ რად არ თვითონა ჰკვდებიო?!/ შენ ვერც ბუნება გაშინებს,/ ვერც ეს დიდრონი მთებიო./ რამდენი გმირი ჩაყლაპე,/ შენ მაინც ვერა ძღებიო./ ერთიღა დაგრჩა, სახელი,/ ვერაფერს ვერ უშვრებიო./ სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,/ ვერც საუკუნო წლებიო,/ სახელი ქვეყნადა რჩება,/ მიწას _ლეში და ძვლებიო./ ორივესა ჰყავ პატრონი,/ ვერცერთს ვერ შაეხებიო,/ გმირებს ნუ შაეჭიდები,/ სიკვდილო, დამარცხდებიო!
ვასილ ბესელია, ქარხნის დირექტორი, 1982წ.: ჰაერივით მაკლდა ბედი,/ უბედობის ასთმა მქონდა,/ დარდი მქონდა თმაზე მეტი,/ თუმცა ბევრი არც თმა მქონდა!
ვერ გამტეხავს გაჭირვება,/ ცივი ქარი სისინაო,/ არც დღესასწაულს მოვიშლი/ გასახარად მტრისთვინაო./ მამა-პაპურ სუფრას გავშლი/ შობა-ახალწლისთვინაო!.
_გაუშვი შანსი?! ნუ წუხარ, კიდევ გექნება შანსი, რომ კვლავ გაუშვა შანსი!
მოხუცს კუბოში წამლები ჩაატანეს. შვილიშვილმა გამოიჩინა სიფხიზლე: _კარგად ნახეთ, ვადაგადაცილებული არ იყოს!
_ ჯიშიანი რომ გამოხვიდე, კარგად შეარჩიე . . .წინაპრები.
_იმდენი დააგროვა შავი დღისათვის, რომ . . .
მოუთმენლად ელოდა მის დადგომას
G.გ.
04-2004 მკერდში ძგერს გულიჭაბუკის,/ ჯიბეში ჩხრეკა მაყუთის,/ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა,/ გახლავართ სამოცდახუთის!
04-2006წ. ერთი დღეც არ მქონია, არხეინი, მშვიდი.
ამ ჯახირში გასულა სამოცი და შვიდი!
თანატოლებს
გულით ისევ ჭაბუკნი ვართ,/ ოთხმოცის ხომ არ ვართ ჯერა საქართველოს გაბრწყინებას/ მოვესწრებით, ამის მჯერა!
• ლაპარაკში დააცადე, სროლაში _დაასწარი!
* აღმოვაჩინე ქონების შენახვის მეთოდები . . . .მოგონებებში
წარმატების საიდუმლო”. ლექციების ციკლს წაიკითხავენ ხელმოცარულები (გაკოტრებულები)
ბედი როდესაც კვანტს დაგიდებს, წაქცევას ნუ ჩივი, სუსტი ფეხი შეიძლება მოგტყდეს კიდევაც!
გული არასოდეს არ გაიტეხო! ეძიე სხვა გამოსავალი! ლომმა რომ გადაგყლაპოს, მაშინაც კია ორი გამოსავალი
ქერტლის უებარი წამალი იცის მხოლოდ გელიოტინისტმა.
რა ყოფილა ეს სიბერე, ვერაფერი გავუგე;
ხან ვებრძოლე, ხან ვეფერე, ხალიჩების დავუგე . .
1980წ. ხუნწში ომარის: _რაც უნდა ბევრი იწვალო,/ რაც უნდა დინჯად იარო,/ გზის ბოლოს სასაფლაოა, / თავში კი სამშობიარო! (ჩვენი ეზოდან ერთ მხარეს მონასტერთან სამშობიაროა, მეორე მხარეს კი სასაფლაო.
სიმდიდრისაგანგაქსუებულს ჯობს,
სიყვარულში და ალერსში მკვდარი!
როს ვუფიქრდები ყოფის რაობას,
რას წარმოვადგენ? _არარაობას!
დრო და ჟამს ვებრძვი განმარტოებით,
დაუძლურება შევაჩერო თუნდაც დროებით!
მტერიც კი მიყვარს ჩემი,/
თუ გახდა ჩემი სარჩენი!
თუ კარსმოგადგა მიქელა ცელით,
სამიტი თავდება გარ-და-ცვალებით!
_როგორ ხარ, ჩემო მხედარო?
კვლავ ძველებურად მხნედ ხარო?
ვინღა უნდა სთქვას შესანდობარი
თუკი არ დაგრჩა აქ მეგობარი?!
შეხვედრა ძველ სიყვარულთან: _”ნუღარ იდარდებ!”_ნაზად მამშვიდებს,/ “არ დავაკლდები შენ პანაშვიდებს!”
ჭიქების, სიტყვების რახა-რუხი,
დარბაზში _ხმაური ქელეხური.
_რა ერქვა ჩხონებულს? _ჩიფჩიფით იკითხა,
_სკლეროზს რა ვუთხარი! მგონი გელე, გური!
არ დამიტიროთ, თუ გული სიხარულისგან გამისკდა!
რაც კი რამ სურვილი მქონდა, სუყველა თუკი ამიხდა!
_ქალები ხელებში შემომციცინებდნენ, მაგრამ ჩემი საქმისთვის არ მიღალატია! არასოდეს არ დამიკარგავს თავი
ქალების წრეში! _განაცხადა ღვაწლმოსილმა გელიოტინისტმა.
ჭიტლაყი რომ ამოგარტყან, თავი იგრძნობს უმალ!
თავ-პირი რომ დაგილურჯონ, რას გაიგებს დუმა?!
ბებრები. _მათ ყმაწვილთა არა მარტო ხალისობა შურთ,
სიკვდილიც კი ისეთივე ტრაგიკული სურთ!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ბევრი მადლობა გური ბაბუ. სიამოვნებით ჩავიკითხე თქვენი შეკრებილი მარგალიტები. კიდევ ბევრჯერ მოვბრუნდები.ასე ერთად ამხელა სიამოვნება კარგა ხანია არ მიმიღია . მიყვარხართ.
ReplyDeleteმიშოს დედა.