Wednesday, March 6, 2013

ტ ე რ მ ი ნ ე ბ ი




პოლიტიკურ კატაკლიზმებსა თუ ცვლილებებს, როგორც წესი, მოყვებოდა ახალი სიტყვები, ტერმინები.
   პირველი ასეთი გამოთქმა იყო “პიროვნების კულტი”,
რომელიც უკავშირდება ხრუშჩოვსა და მის ანტიქართულ განწყობილებას, შემდეგ კი სტალინის სახელს. ხრუშჩოვის პერიოდში რებილიტირებულ იქნა ასეულ ათასობით სტალინური  რეპრესირებულები, მაგრამ თვითონ რეპრესიებზე უარი არ უთქვამს: 1956 წელს თბილისში და ნოვოროსიისკში დახვრიტეს ხალხმრავალი მიტინგები, ურანის საბადოებში და აქტიური რადიაციის რაიონებში მოსახლეობას უმალავდნენ სიმართლეს და ა. შ.
  ხრუშჩოვის მოხსნის შემდეგ მისი ეპოქის დასახასიათებლად შემოვიდა ხმარებაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის უცნობი სიტყვა _“ვოლუნტარიზმი”. ეს ტერმინი დღემდე ახასიათებს ჩვენ ხელისუფლებებს მეტ-ნაკლები ინტენსივობით.
  ლ. ბრეჟნევმა დაიწყო სამეურნეო წლების “მონათვლა”: ხუთწლედის “გადამწყვეტი წელი” (მესამე წელზე), “განმსაზღვრელი”, “დამამთავრებელი”!!   ამ ტერმინებით იყო გაჯერებული მოხსენებები და სტატიები. შემდეგი იყო მორიგი  ხუთწლედის “დამწყები” წელი და ამაზე ამოიწურა წლების ნათლიის ფანტაზია და მადლობა ღმერთს.
   თავად ბრეჯნევის ეპოქაც არ დარჩა მოუნათლავი: “ზასტოი”,
 ანუ “უძრაობის ეპოქა” დაარქვეს დამსახურებულად.
  ე.შევარდნაძის სახელთანაა დაკავშირებული “კორუფციასთან  შეურიგებელი ბრძოლა”, რომლის ფაქტიური შედეგი იყო ქრთამის მასშტაბების ზრდა.  შევარდნაძემ პრეზიდენტობისასაც რამდენიმეჯერ მორცხვად გამოგვიცხადა, ეს წელი იქნება კორუფციასთან ბრძოლის წელიო, მაგრამ მორიგი ბლეფი გამოდგა. რეალობა კი იყო “ბიუჯეტის სეკვესტრი” და “გაყინული პენსიები”, ისიც 14-ლარიანი.
 მ. გორბაჩოვმა გაახალისა გარემო: სახელმწიფო წყობას დაარქვა _”სოციალიზმი ადამიანური სახით”, მაგრამ კიევის ახლოს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფა რამდენიმე დღით მაინც დაუმალა საზოგადოებას, ჩაატარეს საპირველმაისო პარადი კიევში. მოკლედ, ათასები გაწირეს რადიაციული დასხივებისათვის, ოღონდ საპირველმაისო
ზეიმები ჩატარებულიყო.
  ზ. გამსახურდია ხშირად იყენებდა ისეთ ტერმინს, როგორიცაა “წითელი ინტელიგენცია”

 ხელისუფლებაში შემძვრალ უწიგნურებს შეეფერება  . . .  –ის გამონათქვამი: პატრიოტიზმი არამზადათა უკანასკნელი თავშესაფარია.
  ე.შევარდნაძემ სცადა ზ. გამსახურდიას პერიოდისათვის მიეწეპებინა ახალი სახელი _“პროვინციული ფაშიზმი”, მაგრამ არ გამოუვიდა.

მ. სააკაშვილმა დაამკვიდრა: _”ნულოვანი ტოლერანტობა ყოველგვარ დანაშაულს”, სხვაგვარად მოაზროვნეებს კი უწოდებდა: ჩარეცხილებს, მუმიებს, კრემლის აგენტებს და ა.შ. მის პერიოდს ახასიათებენ, როგორც “ელიტური კორუფციის” აყვავების ხანას, ხოლო ნაციონალ-დემოკრატებს მოკლედ მოიხსენიებენ _”ნაცები”

ნატომ და ევროკავშირმა შემოგვთავაზა ენის სატეხი: “კოჰაბიტაცია” სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის ხელისუფლებებს შორის.
   საზოგადოებას კიდევ არა ერთ ტერმინს შემოსთავაზებენ. დავუცადოთ.



რას გვიქადის მომავალი?! ალბათ მეტწილად ინგლისურ ტერმინებს?

No comments:

Post a Comment